18 ივნისის დადგენილებებით, ირაკლი კობახიძემ ორი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შექმნა - გასტრონომიის ეროვნული სააგენტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.
ორივე ახალი სსიპ-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება და ორივე სსიპ-ის უფროსი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უნდა დანიშნოს. ორივე დადგენილება 20 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
სამინისტრომ განმარტა, რომ გასტრონომიის სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
"სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონული განვითარების პროცესს, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას," ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე რა თანხა დაიხარჯება მორიგ სსიპ-ზე, ან საიდან დაფინანსდება მისი საქმიანობა.
სამინისტროს არაფერი უთქვამს არც მეორე სსიპ-ის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს ბიუჯეტზე, რომელიც ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, სატელეფონო ცენტრის და სერვისების განვითარების მიმართულებების შერწყმის საფუძველზე იქმნება, თუმცა ირწმუნება, რომ "აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს ფუნქციების დუბლირებას, გაზრდის გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციას და გააუმჯობესებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისების განვითარებას."