ვისაც ეკონომიკური სანქციების ეფექტიანობაში ეჭვი ეპარებოდა, რუბლის მკვეთრი ვარდნა იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას, რომ შეზღუდვები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის უბრალო გაღიზიანებაზე მეტია, და შესაძლოა, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე მცირე ხნით აჯანყებული "ვაგნერის" ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, - ნათქვამია Bloomberg-ის ედიტორიალში.
რედაქტორების აზრით, რამდენადაც დასავლელი ლიდერები აგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ უნდა აჩვენონ, რომ მათი მიზანია უკრაინაში ომის დასრულება და არა რუსეთის შემდგომი დესტაბილიზაცია.
სანქციების საპასუხოდ, კრემლმა გარკვეულ ზომებს მიმართა. ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი შეზღუდვების ეფექტიანობაშიც კი დაეჭვდა. რუსეთმა გააძლიერა ვალუტა იმით, რომ ექსპორტიორები აიძულა, რაც შეიძლება მეტი დოლარი გაეცვალათ რუბლებში; იპოვა ნავთობისა და გაზის ბაზარზე გატანის გზები და მკვეთრად გაზარდა მიწოდება ჩინეთსა და ინდოეთში. ასევე, სოციალური და თავდაცვის ხარჯების გაზრდით, ფული რუსების ჯიბეებამდე მივიდა.
თუმცა, ახლა რუბლი ნდობის კრიზისს განიცდის. რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი რუბლის მკვეთრი ვარდნის შესაჩერებლად. მიმდინარე კვირაში პუტინმა კაპიტალის გადინებისა და ინფლაციის შესაჩერებლად მთავრობისგან და ცენტრალური ბანკისგან ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა.
გუშინდელი მონაცემებით, რუსული რუბლი 0,011 დოლარად ივაჭრებოდა, რაც წინა წელთან შედარებით, 36%-ით ნაკლებია.
ეს პუტინის ეკონომიკური კონტრზომების საზღვრებზე მიუთითებს. დოლარი გადინებას განაგრძობს, რადგან რუსები აგზავნიან ფულს საზღვარგარეთ და მწარმოებლები იძენენ კომპონენტებს, რომლებსაც თავად ვერ ამზადებენ.
მონაცემები მიუთითებს, რომ ვაჭრობაზე დაწესებული ზომები - როგორიცაა დასავლეთის მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი - ამცირებს კრემლის შემოსავალს: Bloomberg Economics-ის შეფასებით, ამ ზღვარმა საექსპორტო შემოსავალი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით $25 მილიარდით შეამცირა.
ნაწილობრივ ამის გამო, რუსეთის მთავრობა, პუტინის მმართველობის პერიოდში, ყველაზე დიდი საბიუჯეტო დეფიციტის წინაშეა.
მართალია, პუტინს აქვს რესურსი, რომ კიდევ გაძლოს, რუსები დიდწილად დაზარალდნენ ვალუტის რყევებით. პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის $146 მილიარდიანი სუვერენული სიმდიდრის ფონდი. თუმცა, საბოლოოდ, მას მოუწევს უსიამოვნო არჩევანი გააკეთოს: შეამციროს ხარჯები თუ ფულის ბეჭდვით, დააჩქაროს ინფლაცია; ანდა, გაზარდოს არეულობის შანსი და შემდეგმა "პრიგოჟინმა" მოიპოვოს საკმარისი მხარდაჭერა მის დასამხობად.
ამრიგად, ის თუ რა შედეგები მოჰყვება სანქციებს, ამაში მთავარ როლს თავად პუტინი ითამაშებს. დასავლელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ პუტინმა აირჩიოს მშვიდობიანი გზა, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, დაუბრუნდეს ნორმალურ ეკონომიკას.
ამ მიზნით, ისინი ამკაცრებენ სანქციებს და მუშაობენ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ამავე დროს, მათ უნდა გააგრძელონ შესაძლებლობების ძიება, რათა შესთავაზონ პუტინს გამოსავალი იმ კატასტროფული კურსიდან, რომელიც მან დასახა. რუსეთის უბრალოდ დაჩოქება არავისთვის კარგად არ დასრულდება.