LIVE

დოლარიზაცია: არგენტინის ეკონომიკის მომავალი

28 აგვ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1440
დოლარიზაცია: არგენტინის ეკონომიკის მომავალი

არგენტინის პრეზიდენტობის კანდიდატის, ხავიერ მილეის, ლიბერტარიანული ეკონომიკური ხედვა რამდენიმე არატრადიციულ პოლიტიკას ითვალისწინებს, რომელთა შორის ყველაზე აღსანიშნავი დოლარიზაცია და ქვეყნის ეროვნული ბანკის გაუქმებაა.

დოლარიზაციის საკითხს მილეი შემდეგნაირად ამართლებს: 1980 წლიდან არგენტინის საშუალო წლიური ინფლაცია 200%-ია. ეკონომიკის უდიდესი ნაწილი დოლარზე უკვე გადავიდა, მათ შორის ერთ-ერთი აღსანიშნავი კრიპტოა. შესაბამისად, მილეი ფიქრობს, რომ არგენტინის მთლიანი ეკონომიკა ისეთ სტაბილურ ვალუტაზე უნდა გადავიდეს, როგორიც დოლარია. ამ გზით არგენტინელების საბანკო დანაზოგები უფრო მეტად დაცული იქნება, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობა - უფრო სტაბილური, რაც ქვეყანაში მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. 

უფრო მეტიც, ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს არგენტინული პესო კიდევ 70%-ით გაუფასურდება. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს მონეტარული თუ ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მილეი მიიჩნევს, რომ საჭირო ხდება რადიკალური ნაბიჯის გადადგმა.

ლათინური ამერიკის სამი ქვეყანა - პანამა, ეკვადორი და ელ სალვადორი - უკვე სრულად გადავიდა დოლარზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ყველაზე დადებითი შედეგი პანამაში გამოიღო, თუმცა საბოლოოდ, დოლარიზაცია სამივე მათგანისთვის წარმატებული პოლიტიკა აღმოჩნდა. 

მიუხედავად ამისა, არსებობს დოლარიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტები. პირველ რიგში, ამ გზით არგენტინას აღარ შეეძლება დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება და იგი სრულად აშშ-ის ცენტრალური სარეზერვო სისტემის (Fed) პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. საყურადღებოა ისიც, რომ პოლიტიკა, რომელსაც Fed-ი გაატარებს, შესაძლოა საჭირო არ აღმოჩნდეს და, უფრო მეტიც, უარყოფითი შედეგები მოიტანოს არგენტინისთვის. 

არგენტინამ თავისი ვალუტის დოლართან მიბმა უკვე სცადა 1990-იან წლებში, თუმცა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომლის დროსაც დოლარი გამყარდა, პესოს რადიკალურად გაუფასურება და ჰიპერინფლაცია გამოიწვია.