LIVE

IMF რუსეთის ეკონომიკაზე კონსულტაციებს "რაღაც მომენტში" განაახლებს

09 ივნ 202610:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 269
IMF რუსეთის ეკონომიკაზე კონსულტაციებს "რაღაც მომენტში" განაახლებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, Bloomberg-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე ყოველწლიური კონსულტაციები და შეფასება "რაღაც მომენტში განახლდება".
 
ფონდმა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ 2024 წელს განაცხადა, რომ განაახლებდა რუსეთის ყოველწლიურ ეკონომიკურ შეფასებას - ე.წ. Article IV კონსულტაციების ფარგლებში. ბოლო ასეთი შეფასებისწინა კონსულტაციების მიზნით სავალუტო ფონდის მისია  რუსეთში 2021 წლის თებერვალში იმყოფებოდა. ძირითადი რეკომენდაციები კი შემდეგი იყო: სახელმწიფოს ჩართულობის შემცირება ეკონომიკაში, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და კონკურენციის გაზრდა. 

2024 წელს გეორგიევას გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა იმ არგუმენტით, რომ რუსეთთან ეკონომიკური საკითხების განხილვა სანქციებისთვის გვერდის ავლაზე მიმართული კრემლის მცდელობების ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნებოდა.

მაშინ ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, ფინეთის, დანიის, ნორვეგიის, ისლანდიის და პოლონეთის ფინანსთა მინისტრებმა გეორგიევას წერილიც კი მისწერეს და გააფრთხილეს, რომ სავალუტო ფონდის მისიის რუსეთში ჩასვლას რუსული რეჟიმი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებდა. შედეგად, სავალუტო ფონდმა რუსეთში მისიის გაგზავნა განუსაზღვრელი ვადით გადადო.

მას შემდეგ კიდევ ორი წელი გავიდა და ფაქტია, გეორგიევას გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ აღასრულდა. როგორც თავად განმარტავს, "რადგან ორივე მხარეს ბომბები ცვიოდა, გადავადება გადაწყდა."

"ჩვენ გვჭირდება მონაცემები ვაჭრობაზე, იმპორტზე, ექსპორტზე. რუსეთი კი არ არის მოწადინებული მათ გასაზიარებლად," თქვა მან და მართალია, კონკრეტული დრო არ დაუსახელებია როდის, თუმცა დასძინა რომ "რაღაც მომენტში" რეგულარული შეფასება გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის მისია მოსკოვში ჩავა, უბრალოდ ჯერჯერობით უცნობია როდის.

საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდმა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას ორი პროგრამის ფარგლებში $15.6 მილიარდი გამოუყო 2023 წელს, ხოლო წელს - $8.1 მილიარდი.