LIVE

შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტით I კვარტლის ინვესტიციების ზრდა 48%-მდეა

09 ივნ 202611:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 404
შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტით I კვარტლის ინვესტიციების ზრდა 48%-მდეა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალში 271.2 მლნ დოლარია, რაც წლიურად 47.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. საგულისხმოა, რომ შარშან პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის მინიმუმზე იყო - 183.6 მილიონი დოლარით. გარდა ამისა, პირველი კვარტლის FDI 30%-ით ჩამორჩება წინა კვარტლის, ანუ 2025 წლის მეოთხე კვარტლის 391.7 მილიონი დოლარის მაჩვენებელს.

შესაბამისად, ზრდა პირველ რიგში განპირობებულია შარშან პირველი კვარტლის დაბალი საბაზო ეფექტით და შემდეგ უკვე, როგორც საქსტატი ამბობს - სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

უფრო კონკრეტულად, საქსტატი ამბობს, რომ I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.5 პროცენტია. რეინვესტიციამ კი 145.8 მლნ დოლარი, მთლიან ინვესტიციებში 53.8 პროცენტიანი წილით, ხოლო სავალო ვალდებულებებმა 23.8 მლნ დოლარი (8.8%).

ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილს კვარტლის ჯამური ინვესტიციების თითქმის მეხუთედით, ტრადიციულად, გაერთიანებული სამეფო იკავებს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგს უკავშირდება. მეორე ადგილზე 47.5 მილიონი დოლარით აშშ-ია, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 29.2 მლნ. დოლარით (10.8%). ამ სამ ქვეყანაზე მოდის საქართველოში შემოსული ინვესტიციების ნახევარი. 

სექტორულადაც, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 125 მილიონი დოლარი - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში შემოვიდა (46.1%). ამაზე 2.5-ჯერ ნაკლები 48.8 მლნ დოლარი - უძრავ ქონებაში (18%), ხოლო 37 მლნ დოლარი - ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში (13.7%). სამივე მათგანი მთლიანი კვარტლის ინვესტიციების 80%-მდეა.