LIVE

პომიდორი +37%, ქლიავი +79% - მაისის ინფლაცია 5.7%-ია

03 ივნ 202611:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 107
პომიდორი +37%, ქლიავი +79% - მაისის ინფლაცია 5.7%-ია

მაისში ინფლაცია ოდნავ შენელდა და აპრილის 5.9%-ის შემდეგ, ფასების ზრდის წლიური დონე 5.7%-ია.

საბაზო ინფლაცია წლიურად 3.8 პროცენტზეა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%. 

საქსტატის თანახმად, წინა თვესთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა - ჯამურად 3.2 პროცენტით, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე წინა თვესთან შედარებით 4.8 პროცენტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში ბენზნი 26%-ით გაძვირდა, ხოლო დიზელი - 48%-ით.

სურსათის ჯგუფში, წინა თვესთან შედარებით 7.5 პროცენტით არის გაიაფებული ბოსტნეული და ბაღჩეული, წლიურად კი - 7 პროცენტით, თუმცა წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, 20 პროცენტით არის გაძვირებული მწვანილი, ხოლო 37 პროცენტით არის გაზრდილი პომიდვრის ფასი შარშანდელთან შედარებით. ასევე, 24 პროცენტით გაძვირდა ატამი, ხოლო 79%-იანი მატება აქვს ქლიავს. 

საერთო ჯამში, ფასები სურსათის ჯგუფზე ჯამურად 5.2 პროცენტითაა გაზრდილი. განსაკუთრებით თევზზე +21%, ძროხის ხორცზე +19%, პურზე და პურპროდუქტებზე +7%.

6.5%-ით გაძვირდა ხილი და ყურძენი, 6 პროცენტით ზეთი და ცხიმი, 5.4 პროცენტით კი - ყავა, ჩაი და კაკაო.

როგორც მოსალოდნელი იყო, დენის გაზრდილი ტარფიფიც აისახა ინფლაციაზე და ჯგუფში - საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ფასები მომატებულია 7 პროცენტით. ამავდროულად, კვლავ ძვირდება ჯანდაცვაც - ჯგუფში ფასების ზრდის ჯამური დონე 5%-ს აჭარბებს.