ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის კომენტარს, სადაც ის აფასებს საქართველოს პოზიციას ჩენდლერის ინსტიტუტის "კარგი მთავრობის ინდექსში", რომელშიც 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს ვიკავებთ და 2025 წელთან შედარებით 3 საფეხურით ჩამოვქვეითდით, ხოლო 2021 წელს საერთოდაც 39-ე ადგილზე ვიყავით.
იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის "ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო", მინისტრის მოადგილე რატომღაც ხაზს უსვამს, რომ "რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას (მოლდოვა, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს (უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი)."
ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთბს ინდექსის იმ კატეგორიებზე სადაც ქვეყნის პოზიცია, ერთი შეხედვით, კარგი ჩანს. ციტატა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზიდან: "ქვეყნის შეფასება განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებებით: „მიმზიდველი ბაზარი,“ „ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება“ და „ჯანსაღი კანონები და პოლიტიკა“."
სინამდვილეში, ამ სამიდან ორ კატეგორიაში საქართველო შარშანდელთან შედარებით საგრძნობლად ჩამოქვეითებულია, ხოლო მესამეში (Robust Laws & Policies) - ქვეყნის პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა, რაც კარგად ჩანს ამ გრაფიკზეც.
.png)
მეორე მხრივ, თუ ინდექსის თითოეულ კატეგორიას თავისი კრიტერიუმებით სიღრმისეულად გავაანალიზებთ, სურათი განსხვავებულია. ასე მაგალითად, კატეგორიაში - "მიმზიდველი ბაზარი" (Attractive Marketplace), საქართველო 81-ე ადგილს იკავებს ლოგისტიკური კომპეტენციით, მაშინ როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ყოველ დღე საუბრობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციაზე. ანალოგიურად, Robust Laws & Policies კატეგორიაში, (რომელიც სამინისტრომ თარგმნა როგორც "ჯანსაღი კანონები და პოლიტიკა", თუმცა უფრო მართებული თარგმანია "ძლიერი/მტკიცე კანონი და პოლიტიკა"), კანონის უზენაესობის კრიტერიუმით ქვეყანა 52-ე ადგილზეა.
ყველაზე ცუდი შედეგები საქართველოს მაინც სოციალურ ნაწილში აქვს. მართალია, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ კატეგორიაში - „ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება“ (Helping People Rise) საქართველოს "შეფასება განსაკუთრებით გამოირჩევა", მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ამ კატეგორიაში, ქვეყანა 112-ე ადგილზეა დასაქმებით, 90-ე ადგილზე - ფასების სტაბილურობით, 73-ე ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვით, 75-ე ადგილზე - ჯანდაცვით, 64-ე ადგილზე პერსონალური უსაფრთხობით, ხოლო 55-ე ადგილზე შემოსავლის გადანაწილებით.
საინტერესოა ისიც, რომ ამ კატეგორიაში საუკეთესო პოზიცია საქართველოს 2022 წელს ჰქონდა, მკვეთრი დაწინაურებით 60-დან 47-ე ადგილზე, თუმცა მას მერე ეს პოზიცია აღარ აღუდგენია და დღეს 58-ე ადგილს იკავებს.
საერთო ინდექსში კი საქართველომ 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა და ეს გაუარესებული მაჩვენებელია. ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
- სინგაპური
- ნორვეგია
- დანია
- ფინეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- გერმანია
- ნიდერლანდები
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ლუქსემბურგი
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ გააუმჯობესა საერთო ქულა 2021-2026 წლებში, ძირითადად "მიმზიდველი ბაზრის" და "ხალხის აღმასვლაში დახმარების" კატეგორიების დამსახურებით. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ შეფასების გაკეთებისას კვლევის ავტორები ეყრდნობიან ამავე წლების სამთავრობო პროგრამაში გაწერილ პრიორიტეტებს, ასევე ევროკომისიისთვის წარდგენილ ეკონომიკური რეფორმების პროგრამას 2025–2027 წლებისთვის.