LIVE

თბილისში ბინებზე მოთხოვნა აგვისტოშიც შემცირდა, ფასი - პირიქით

11 სექ 202417:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1147
თბილისში ბინებზე მოთხოვნა აგვისტოშიც შემცირდა, ფასი - პირიქით
Colliers-ის თანახმად, თბილისში ბინების გაყიდვებმა აგვისტოშიც იკლო. კერძოდ, გასულ თვეში დედაქალაქში 3,230 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5%-იანი კლებაა. უფრო კონკრეტულად, აგვისტოში თბილისის ახალ პროექტებში წლიურად 0.4%-ით მეტი ბინა გაიყიდა, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 17%-ით შემცირდა.
 
მიუხედავად ამისა, გასაყიდი ბინების ბაზრის ზომა თბილისში 7%-ით 230 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. მიზეზი ფასის ზრდაა, რადგან Colliers-ის შეფასებით, ახალაშენებული ბინები თბილისში საშუალოდ 8%-ით გაძვირდა, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ბინებზე შესუსტებულია.
 
ასე მაგალითად, Galt & Taggart-ის ივლისის თვის კვლევა მოწმობდა, რომ ივლისში მოთხოვნა წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით შესუსუტებული რჩებოდა და შედეგად ფასების ზრდაც შენელდა იმდენად, რომ 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, გასულ თვეში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში. კერძოდ, ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.3%-იანი კლებაა. ჯამურად მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ამ შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზეც და ივნისი/ივლისის პერიოდში სამშენებლო ნებართვების გაცემა წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით შემცირდა, შესაბამისად. 
 
ამ ფონზე, 9%-იანი ზრდა ჰქონდა აგვისტოს გაყიდვებში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს და გაყიდული ბინების რაოდენობამ 1,169 ერთეულს მიაღწია. თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში გასაყიდი ფასის 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და შედეგად, ბათუმში გასაყიდი ბინების ბაზრის ზომა 16%-ით, 62 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.