LIVE

სებ-მა "პეივ ჯორჯიაზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

15 დეკ 202317:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 365
სებ-მა "პეივ ჯორჯიაზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "პეივ ჯორჯიაზე" ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. 

სებ-ის თანახმად, "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს. 

"სს "პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. 

გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები. 

აღნიშნული ფაქტი დადებითი ფაქტორია ბანკისთვის და მთლიანად ქართული საფინანსო სექტორისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.  

სებ-ის განცხადებით, "პეივ ჯორჯია" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა პირველ ციფრულ ბანკზე, "პეისერა საქართველოზე" საქმიანობის ლიცენზია 2022 წლის 21 ნოემბერს გასცა. 2023 წლის 14 ნოემბერს კი, ლიცენზია სულხან პაპაშვილის "ჰეშმა" მიიღო.

სებ-ის განცხადებით, საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.