
Samsung Electroincs-ი ჩიპების წარმოებას ამცირებს. გადაწყვეტილების მიზეზი კვარტალური საოპერაციო მოგების 96%-იანი ვარდნაა.
კომპანია აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, საოპერაციო მოგება იანვარ-მარტში 600 მილიარდი სამხრეთ კორეული ვონით ($455 მლნ) შემცირდა, წინა წლის 14 ტრილიონ ვონიანი მაჩვენებლიდან. კორეული ტექნოლოგიური გიგანტისთვის ეს ბოლო 14 წელში ყველაზე დაბალი კვარტალური მოგების მაჩვენებელია.
Samsung ამბობს, რომ მწარმოებლების მხრიდან ჩიპებზე მოთხოვნამ მკვეთრად იკლო და ახლა ისინი უკვე მზა პროდუქციის მარაგების გაყიდვას ცდილობენ, ნაცვლად ახლის წარმოებისა.
რატომ შემცირდა ჩიპებზე მოთხოვნა
საქმე იმაშია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში ჩიპებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან მომხმარებლებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვები გაზარდეს. შედეგად, ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლიანი დეფიციტის შემდეგ, აღდგენის გზას დაადგა, თუმცა პანდემიის დროს დაგროვილი მოთხოვნის ამოწურვასთან ერთად, ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებს გაუჭირდათ ბალანსის წერტილის პოვნა ამჟამინდელ მოთხოვნა-მიწოდებას შორის.
სმარტფონების და პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებმა პანდემიის დროს გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ჩიპები დაიმარაგეს, მაგრამ ახლა, როცა მომხმარებელმა ინფლაციის გამო ხარჯები შეამცირა და შესყიდვებს მოუკლო, ჯერ დაგროვილი მარაგებია გასაყიდი.
„ეკონომიკური აქტივობის შენელების ფონზე, საბოლოო პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდა. თავის მხრივ, ამ პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა შეწყვიტეს მეხსიერების ბარათების შეკვეთები და დაგროვებული მარაგის რეალიზაციაზე გადავიდნენ. ამან კი ბარათების დეფიციტის დროს გაზრდილი მოთხოვნა ახლა მკვეთრად შეამცირა“ - ამბობს ანალიტიკოსი პიტერ ჰანბერი, მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-დან.
როგორ იცვლება მოლოდინები
რამდენადაც Samsung-ი ინდუსტრიის ლიდერია, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით, ფასების დასტაბილურებას შეუწყობს ხელს იმ ფონზე, როცა შემცირებულმა მოთხოვნამ ჩიპები ბოლო 9 თვეში 70%-ით გააიაფა.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა არ დააზუსტა, კონკრეტულად რა მოცულობით შეამცირებს ჩიპების წარმოებას, თუმცა ეს განცხადება მაინც მნიშვნელოვანი სიგნალია ბაზრისთვის, რადგან აქამდე, Samsung-ი თავს იკავებდა გაეკეთებინა ის, რაც უკვე გააკეთეს ბაზრის სხვა მოთამაშეებმა. შესაბამისად, მისი ეს ნაბიჯი ჩიპების ინდუსტრიას იმედს აძლევს, რომ მიწოდების შემცირება ბაზარზე ბალანსს აღადგენს წლის მეორე ნახევრისთვის.
"ველით, რომ არსებული მარაგების ათვისების ფაზა მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში დასრულდება. ამის შემდგომ კი, მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნა ნორმალურ ტემპებს დაუბრუნდება“ - განაცხადა პიტერ ჰანბერიმ.
Samsung-ი შემოსავლების დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას ამ თვის ბოლოს გეგმავს. ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის ჩიპების წარმოების მიმართულებას წინა კვარტალში რეკორდული, 2.1 ტრილიონ ვონიანი დანაკარგი ექნება ($1,6 მლრდ) და დამატებით კიდევ 2 მილიარდ ვონს იზარალებს მიმდინარე კვარტალში. ეს იმ ფონზე, როცა კომპანიის მოგების ნახევარს სწორედ ჩიპების წარმოება აგენერირებდა. არის იმის მოლოდინიც, რომ წარმოების შემცირება კომპანიის მაჩვენებლებს გარკვეულწილად გააუმჯობესებს მიმდინარე კვარტალში.